მმართველი პარტიის თავმჯდოამრე, ირაკლი კობახიძე დღეს, 26 მაისს თბილისში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ ეწერებოდა. სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს ფოტომასალა, რომელზეც ჩანდა ირაკლი კობახიძე - მათი მტკიცებით, ღონისძიების მიმდინარეობის დროს ის სპორტდარბაზში იყო.
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე განმარტების მოსასმენად დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას - პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
მთავრობისგან განსხვავებით, ამ საკითხზე კომენტარი გააკეთეს მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" "უსამშობლოებს" უწოდებენ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება და განმარტავენ, რატომ არ იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარე თავისუფლების მოედანზე.
"დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვილ საზეიმო ცერემონიალს ყოველთვის ესწრება ყველა უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირი!
ირაკლი კობახიძე ცერემონიებზე დასწრებისგან წლებია თავს რომ იკავებს, ვითომ ახლა გაიგეს. წინა წელს, ან იმის წინა წელს რომ არ იყო იგივე ცერემონიაზე, მაშინ რატომ არ შეიმჩნიეს? სპორტდარბაზიდან და აუზიდან ფოტო ან ვიდეომასალა არ ჰქონდათ და იმიტომ?" - წერია პარტიის პრესსამსახურის თანამშრომლის "ფეისბუკის" გვერდზე.
გიორგი გრძელიშვილმა, პარტიის პრესსამსახურის თანამშრომელმა, ასევე აღნიშნა, რომ "რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენლები წლებია არ ესწრებიან საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.
ბოლო რამდენიმე წელია ირაკლი კობახიძეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობა (მაგ. პარლამენტის თავმჯდოამრე) აღარ აქვს დაკავებული - მან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 2019 წლის ივნისში დატოვა, ე.წ. გავრილოვის ღამის გამო განვითარებული მოვლენების შემდეგ.
დღეს 105 წელი გავიდა დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან - 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ამ დღისთვის თბილისში, რუსთაველის გამზირი საზეიმოდ არის მორთული. ღონისძიებები იმართება სხვა 15 ქალაქშიც.