საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩვენი წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე." ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ იშურებს ძალისხმევას, რომ "წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი" და თვლის, რომ ეს იქნება ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება ევროპის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით.
"დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ევროპისაგან ველით ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, საქართველოს საუკუნოვანი მისწრაფების, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის აღიარებას - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. ევროპის მხრიდან ჩვენი დამსახურების სამართლიანი აღიარება იქნება ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლას“ , - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზეც. მან თანადგომა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს, იმედი გამოთქვა, რომ ომი მალე დასრულდება და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა მის მთავარ ამოცანად არსებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, როცა "ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე", მშვიდობის შენარჩუნებას და "ქვეყნის გადარჩენას" მიიჩნევს.
„ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში; და რადგან კარგად ვიცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც, სანამ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის თუნდაც მცირე საფრთხე არსებობს, ჩვენ არ შევწყვეტთ ამ ვალდებულების შესრულებას,“- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სიტყვა პოპულისტური გზავნილების გასავრცელებლადაც გამოიყენა და თქვა, რომ არსებობენ "ბოროტი ძალები", რომლებიც "ოჯახურ და ტრადიციულ ფასეულობებს" ეწინააღმდეგებიან.
„თავისუფლების მტერია სიცრუე და დეზინფორმაცია; როგორც ჩვენი ბრძენი პატრიარქი ბრძანებს, ადამიანმა თავისუფლება შეიძლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით. თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ფსევდოფასეულობების პროპაგანდა მთელი კაცობრიობისათვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს და როდესაც ბოროტი ძალები ცდილობენ დაანგრიონ ტრადიციული ფასეულობები, ოჯახური ფასეულობები, ცდილობენ, ფაქტები - აღქმებით ჩაანაცვლონ, რეალობად გაასაღონ სიცრუე - თავისუფლების განმტკიცებისთვის ჩვენს ერთადერთ იარაღად კვლავ რჩება სიმართლე. შესაბამისად მხოლოდ უზენაეს ფასეულობებზე, მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე და სიმართლეზე დაფუძნებული თავისუფალი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შენება უნდა გახდეს ჩვენი საერთო მიზანი და ეროვნული იდეა" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას საზეიმო ღონისძიებაზე წინ უძღოდა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის სიტყვა, სადაც მან მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლება საგარეო პოლიტიკისა და იმ რიტორიკის გამო, რასაც ისინი საერთაშორისო პარტნიორებთან იყენებენ.